ფეხბურთი შენი წესებით

"შემეძლო წასვლა და უფრო დიდი თანხის აღება. საქმე ფულში კი არა, სიყვარულშია"

image
ბრიტანულ Daily Mail-ში ინტერვიუ გამოქვეყნდა მანჩესტერ სიტისა და საქართველოს ნაკრების ვარსკვლავთან, გიორგი ქინქლაძესთან. 90–იან წლებში ის ბევრი ქართველი ბიჭის კერპი იყო, მის ფინტებს ეზოში იმეორებდნენ, უფრო სწორად, უნდოდათ გაემეორებინათ. „ქინქი“ რაღაც სხვა იყო, საოცარ ამბებს ჩადიოდა მოედანზე.

„ვხედავ, დღეს როგორ თამაშობს სიტი. ვფიქრობ, მოვუხდებოდი გუნდს“ – ამბობს ქინქლაძე და მართლაც, სად გიოს დროინდელი სიტი, სად ახლანდელი...

ქინქლაძე: „ბედნიერი ვარ, რომ ინგლისში ვითამაშე. არაფერს არ შევცვლიდი, ახლაც ასარჩევი რომ მქონდეს, ინგლისში გადავიდოდი. დღევანდელი სიტი მშვენიერია, PlayStation–ს ჰგავს, ასე არაა? სილვა–სტერლინგი–დე ბრუინი, ბუმ ბუმ ბუმ. ბურთი რომ მქონოდა, აგუეროს ისე გადავაწოდებდი, მისკენ არც გავიხედებოდი.

...ბევრს ჰგონია, რომ პეპ გვარდიოლას სიტიში ნებისმიერი ჭკვიანი ფეხბურთელი ითამაშებდა. ასე იოლი არაა. ყველა მატჩში 100 პროცენტით უნდა დაიხარჯო. ლეო მესიც კი, თუ კარგად ვერ ითამაშებდა, სკამზე გადაინაცვლებდა.

...თამაშისას ყველაზე მეტად მსიამოვნებდა, როგორ სკანდირებდნენ გულშემატკივრები. და როცა პენსიაზე გადიხარ, მთავარია, ეს ხმები დაიმახსოვრო. გუშინდელივით მახსოვს."

როგორც იცით, ცნობილი ჯგუფის, OASIS–ის სოლისტები, ძმები გალაჰერები გიჟდებიან მანჩესტერ სიტიზე და ქინქლაძეც, რა თქმა უნდა, მათი საყვარელი ფეხბურთელი გახლდათ.

„ის ან ყველაზე საშინელია, ვინც მინახავს, ან უდავოდ საუკეთესოა“ – თქვა ნოელ გალაჰერმა ქინქლაძეზე.

„ლაიამ გალაჰერმა ჯერ ჩემს ფეხსაცმელებზე იცინა, მერე კი მაკოცა და იმღერა ჰიტი Wonderwall, მაგრამ განსხვავებული სიტყვებით. მშვენიერი გამოვიდა. ეს იყო მისი, ჩემი და მთლიანად სიტის სიმღერა.

...მცველები მეუბნებოდნენ, რომ ფეხებს მომამტვრევდნენ, მაგრამ რაც მეტი მცველი იყო, ჩემთვის უკეთესი. უბრალოდ, შემეძლო მათ შორის გამერბინა. ალან ბოლი (სიტის მაშინდელი მწვრთნელი, მსოფლიოს ჩემპიონი 1966 წელს) თანაგუნდელებს ეტყოდა ხოლმე: მიეცით ბურთი გიოს.

...დიდი პასუხისმგებლობა იყო, მაგრამ მთელ ძალას ვაქსოვდი. ყოველთვის არ გამოგვდიოდა. მახსოვს, საწყისი 11 ტურის მერე მხოლოდ 2 ქულა გვქონდა“.

ბრიტანული საიტი წერს, ქინქლაძე ლტოლვილივით ჩამოვიდა საქართველოდან, სადაც ომი იყოო. ის თბილისის დინამოს ვარსკვლავი იყო, დინამოს პრეზიდენტმა კი შეგნებულად დაშალა ძლიერი შემადგენლობა, რადგან თავისი ფეხბურთელების უსაფრთხოებაზე ზრუნავდაო.

ქინქლაძე იხსენებს ბოკა ხუნიორსში გატარებულ პერიოდს. ეს მანამდე, სანამ სიტიში გადავიდოდა.

დიეგო მარადონა დაბრუნდა ბოკაში და თამაშობდა იქ, სადაც მე უნდა მეთამაშა. მარადონას კარიერაში ბოლო წლები ჰქონდა. დიეგოს შევხედე და გავიფიქრე: ის ჩემი კერპია და მასთან კონკურირება არ შემიძლია. ამიტომაც დავბრუნდი საქართველოში“.

ქინქლაძე 1994–1995 წლებში ბრწყინავდა საქართველოს ნაკრებშიც, რომელმაც ორჯერ დაამარცხა უელსი (5:0, 1:0), ხოლო უელსელთა მეკარე ნევილ საუთჰოლს დამცინავი გოლი გაუტანა – შორიდან, თავზე გადაგდებით. იმ ზაფხულს, სიტის პრეზიდენტმა ფრენსის ლიმ 2 მილიონი ფუნტი გადაიხადა ქართველში.

ქინქლაძე: „ლიმ ჩამომიყვანა, სადილზე დამპატიჟა. ჩემი სამუშაო უბრალო იყო. უნდა მეთამაშა და მანქანა მარცხენა მხრიდან მეტარებინა. ვარჯიშზე რამდენჯერმე დავაგვიანე, რადგან ქუჩებში ვერ გავერკვიე. ინგლისური ენის გაკვეთილები არ მქონია. გასახდელში ვიგებდი თავისი სალანძღავი სიტყვებიანად".

...პრემიერლიგის ბოლო ტურის მატჩი, ლივერპულთან ფრე და გავარდნა. ეს საშინელება იყო. 23 წელი გავიდა და დღესაც მახსოვს. ინგლისში მოსაგებად გადავედი და ამ დროს... ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს მოვკვდი. ვტიროდი."

საიტზე იმ ისტორიაც წერია, როცა ქინქლაძეს თავისი ძვირადღირებული Ferrari–თ ავარია მოუხდა.

ქინქლაძე: „რესტორანში ვიჯექით. ფრენსის ლიმ მირჩია, რომ არ მეყიდა ეს მანქანა, მაგრამ არ მოვუსმინე“.

რა თქმა უნდა, ქინქლაძე ყველას არ მოსწონდა, იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ამბობდნენ, თამაშს ანელებს და გუნდურ ფეხბურთს უარყოფსო. ასეთი იყო ფორვარდი პოლ უოლშიც. ის ამბობდა, გადახედეთ სტატისტიკას, ქინქლაძეს ბევრი გოლი ვერ გაჰქონდა, მისი წვლილი გაბუქებულია, არასაკმარისიაო...

უვე როსლერი (მაშინდელი სიტის გერმანელი ფორვარდი): „ქინქი ტექნიკური თვალსაზრისით საუკეთესო იყო. ასეთ ტექნიკურ ფეხბურთელთან არასოდეს მითამაშია. ხალხი მის საყურებლად დადიოდა. თუმცა გვარდიოლას გუნდში ვერ მოხვდებოდა, რადგან ბევრ სამუშაოს ვერ შეასრულებდა“.

აი, რა თქვა ამაზე გიომ: „ყველასთან კარგი ურთიერთობა მქონდა. არ ვიცი, ზურგსუკან ვინ რას ლაპარაკობდა, მაგრამ შური არავისგან მიგრძვნია. შესაძლოა, ზოგიერთს სურდა, რომ ჩემსავით ეთამაშა. შემტევი ფეხბურთელი ვიყავი, მინდოდა სულ ფეხში მქონოდა ბურთი. მცველი ხომ არ ვიყავი?! შეხედეთ დღვანდელ სიტის. მოედანზე ერთბაშად ექვსი შემტევი გამოდის. ექვსი! არა მგონია, სილვა, დე ბრუინი, სტერლინგი და სანე დაცვით თავს იკლავდნენ“.

1997 წელს ქინქლაძის შეძენაზე მანჩესტერ იუნაიტედიც ფიქრობდა. სიტიმ ჩემპიონშიფში სეზონი მე–14 ადგილზე დაასრულა, სამი მწვრთლიც გამოიცვალა... სხვა გუნდებსაც სურდათ, მაგრამ გიო დარჩა. სეზონის ბოლო მატჩში, რედინგთან 25 000 ქომაგი თითქმის ერთხმად ეხვეწებოდა გუნდში დარჩენას. ბევრი მათგანს საქართველოს დროშას აფრიალებდა... საიტი წერს, რომ ამ ამბავმა სიტის ზოგიერთი ფეხბურთელი გააბრაზა, მათ შორის, როსლერი. მათ შურდათ.

ქინქლაძე: „დავრჩი, რადგან ფანებს ვუყვარდი და მათთვის სიყვარულითვე უნდა მეპასუხა. ვფიქრობდი, რომ კიდევ გადავიდოდით პრემიერლიგაში. შემეძლო წასვლა და უფრო დიდი თანხის აღება. აიაქსში ორჯერ მეტი ხელფასი დამინიშნეს, მაგრამ ეს იყო ერთი წლის შემდეგ. საქმე ფულში კი არა, სიყვარულშია.

...იუნაიტედი? დიახ, ასე იყო. პოპულარული გავხვდებოდი, არა? თუმცა ტიტულების მოგებაზე არ ვფიქრობდი. იუნაიტედი ჩვენი მთავარი მეტოქე იყო და არც მიფიქრია იქ გადასვლაზე“.

საბოლოოდ, სიტი არათუ პრემიერლიგაში გადავიდა, ჩემპიონშიფიდანაც კი გავარდა. გუნდიდან წასვლა უკვე აუცილებელი იყო. სიტის ახალი მწვრთნელი ჯო როილი, წინამორბედებისგან განსხვავებით, ქინქლაძის გარშემო არ აპირებდა გუნდის აწყობას. როილმა გიო ფლანგზე გადასწია.

„მგონი, ანდრეი კანჩელსკისში ავერიე“ – თქვა გიომ.

სტატიისთვის მადლობა - ილია ნანობაშვილს.
კომენტარები

კომენტარის დამატება

  • მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ბმულის ჩასმადაცული ბმულების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი
მსგავსი სიახლეები
გიორგი ქინქლაძის ინტერვიუ..
გიორგი ქინქლაძის ინტერვიუ..
გიორგი ქინქლაძის ინტერვიუ..
გიორგი ქინქლაძის ინტერვიუ..
გიორგი ქინქლაძის ინტერვიუ..

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას