ფეხბურთი შენი წესებით
ინგლისის თასის მეოთხე წრის შეხვედრაში ტოტენჰემი სტუმრად ნიუპორტს დაუპირისპირდა. რანგით მეოთხე ლიგის წარმომადგენელთან პრემიერლიგურ კლუბს დიდი ორთაბრძოლის გადახდა მოუწია. ანგარიში მასპინძლებმა 38-ე წუთზე გახსნეს და რომ არა ჰარი კეინის მიერ 82-ე წუთზე გატანილი გოლი, ნიუპორტ თაუნი სენსაციას გამოაცხობდა.

მატჩის დასრულების შემდეგ ჰარი კეინმა მეტოქისადმი ქება-დიდება არ დაიშურა.

"რთული თამაში იყო. აღსანიშნავია, რომ მეტოქე დღევანდელი მატჩისთვის ბევრად კარგად იყო მომზადებული. მოხარული ვარ, რომ თამაში ფრედ დასრულდა. ჩვენ ჯერ კიდევ ინგლისის თასზე ვართ და იმედია შემდეგ ეტაპზე სწორედ ტოტენჰემი ითამაშებს" - განაცხადა ჰარი კეინმა.

ნაჩვენები შედეგით კმაყოფილება ეტყობოდა ტოტენჰემის მთავარ მწვრთნელს, მაურისიო პოჩეტინოსაც.

"ბედნიერები ვართ, რომ შეხვედრის დასრულება საყაიმო ანგარიშით მოვახერხეთ. პირველ ტაიმში ნამდვილად არ ვგავდით ჩვენს თავს. ახლა ჩვენ გადათამაშება გველის წინ. მორიგ სათასო დაპირისპირებამდე რთული თამაშები გვაქვს, თუმცა კარგად გვესმის, რომ ეს ჩვენი უკანასკნელი შანსი იქნება იმისათვის, რათა დავრჩეთ ინგლისის თასის გათამაშებაზე და გავაგრძელოთ სვლა წარმატებისკენ" - განაცხადა ლონდონური კლუბის თავკაცმა.
ინგლისის თასის გათამაშებას დაემშვიდობა ლივერპული, რომელიც საკუთარ მოედანზე პრემიერლიგის ერთ-ერთ აუტსაიდერ ვესტ ბრომვიჩთან დამარცხდა. ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, მეხუთე წუთზე საკუთარი გუნდი რობერტო ფირმინიომ დააწინაურა. ლივერპულელებს გოლის აღნიშვნა დასრულებული არ ჰქონდათ, როდესაც ჯეი როდრიგესმა ანგარიში გაათანაბრა. მეთერთმეტე წუთზ კი სულაც წინ გაიყვანა საკუთარი გუნდი. მატჩის არბიტრს, კრეიგ პოუსონს არაერთხელ მოუხდა ვიდეო რეფერის გამოყენება. ერთ შემთხვევაში მისი დახმარებით ვესტ ბრომვიჩს გოლიც კი გაუუქმეს, შემდეგ კი ლივერპულმა პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა. ფირმინიოს ანგარიშის გათანაბრების შესაძლებლობა მიეცა, თუმცა 27-ე წუთზე მის მიერ თერთმეტმეტრიანიდან დარტყმული ბურთი კარის ჩარჩოს მოხვდა და ეპიზოდიც განიმუხტა. პირველი ნახევრის მიწურულს სტუმრებმა ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს, ლივერპულელმა ჟოელ მატიპმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

მეორე ტაიმში ვესტ ბრომვიჩმა შედარებით ფრთხილი ტაქტიკა აირჩია და ეს ლოგიკურიც გახლდათ, ვინაიდან ორბურთიანი უპირატესობის გაშვება სათასო მატჩში და თანაც ენფილდზე სახუმარო როდია. შესაბამისად მასპინძლებს მეტი სივრცეები და სახიფათო მომენტები ჰქონდათ, თუმცა მათ მხოლოდ და მხოლოდ მატჩის მიწურულს მოახერხეს ერთი ბურთის გაქვითვა და თამაშისათვის ინტრიგის დაბრუნება. დაპირისპირების 78-ე წუთზე მოჰამედ სალაჰის მიერ გატანილი გოლი შეხვედრაში უკანასკნელი გამოდგა.

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას